
Николай Гумилёв : электронное собрание сочинений.
http://gumilev.ru/
Василий Гулеури
მასკარადი
დიდი ოთახები და ყრუ დერეფნები
ახლა მხიარულმა ნიღბებმა აავსეს
და თავდავიწყებით, გიჟმაჟი ცეკვებით
როგორც ქარიშხალი, მოედვნენ დარბაზებს.
დრაკონთან ხელმკლავით მთვარე სეირნობდა,
ჩინური ვაზები წყვილებს აჩერებდნენ,
ენთო ჩირაღდანი, ბარბითის სიმები
რაღაც გაუგებარ სახელს აჟღერებდნენ.
ისმოდა მაზურკის ჩქარი მელოდია,
სოდომის კურტიზანს მე ვეცეკვებოდი,
რაღაცას ვნაღვლობდი, ზოგჯერ ვიცინოდი
და რაღაც ნაცნობი რომ იყო, ვხვდებოდი.
ვთხოვდი: “ნუთუ შენი ძმა ვერ შეიცანი?
ჩემთან მოიხსენი ნიღბის ეგ საფარი.
როგორ მომაგონე ერთხელ მოსმენილი
ერთი ძველის-ძველი, ნაცნობი ზღაპარი.
უცნობი დარჩები მარად ყველასათვის,
გწამდეს, შემიძლია, რომ მე დაგიფარო
ხალხის თვალთაგან და უცხო ნიღბებისგან,
მე გიცნობ, სოდომის ტურფა დედოფალო.”
ნიღბის ქვეშ მესმოდა წკრიალა სიცილი,
მაგრამ მე მის მზერას ვერ ვჭვრეტდი სავსებით.
დრაკონთან ხელმკლავით მთვარე სეირნობდა,
მათ შორის მოჩანდნენ ჩინური ვაზები.
და უცებ სარკმელთან, იქ, სადაც მრისხანედ
წვებოდა ღამე და ბნელ ზრახვებს ამხელდა,
ხელიდან გამისხლტა გაცურდა გველად და
მოიხსნა ნიღაბი, თვლებში ჩამხედა.
და მე გამახსენდა: მსგავსი სიმღერები,
თრთოლვა ნეტარების, ველური, ძლიერი,
ნათქვამი ალერსით, ჩუმად: “აღმადგინე,
ვიცხოვრო, მტკიოდეს, ვიყო ბედნიერი!”
ბევრი რამ გავიგე იმ იდუმალ წამში,
მაგრამ ფიცს არ გავტეხ, მახსოვს მე წარსული.
ხედავ, დედოფალო, დედოფალო, ტყვე ვარ,
წაიღე სხეული, წაიღე ეს სული!
Просьба обо всех замеченных ошибках и опечатках сообщать по адресу gumilev.ru@gmail.com
При использовании материалов сайта ссылка остается на вашей совести
1997-2012, «Николай Гумилёв : электронное собрание сочинений»
http://gumilev.ru/